„თქვენთვის შეტყობინებაა“ – სამოქალაქო კამპანია ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„თქვენთვის შეტყობინებაა“ – სამოქალაქო კამპანია ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

20, 21 და 22 ნოემბერს გორში, თელავსა და ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერები გულის ფორმის სარკის ზედაპირიან გულსაბნევებს არიგებდნენ. სარკიანი გული ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სიმბოლო იყო – პატარები სარკესავით ირეკლავენ იმ დამოკიდებულებას, რაც მათ მიმართ გვაქვს, რა გარემოშიც იზრდებიან და როგორც ვიქცევით მათთან.

სამდღიანი სამოქალაქო კამპანია „თქვენთვის შეტყობინებაა“ თბილისისა და რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა განახორციელეს და მისი მიზანი ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე, შედეგებზე, და ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის კუთხით არსებულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირება იყო.

ყველა ბავშვს აქვს უფლება გაიზარდოს ჯანმრთელი და ძლიერი, იყოს განათლებული და დაცული, ჰქონდეს ისეთივე შესაძლებლობები, როგორიც სხვა ბავშვებს აქვთ. საქართველოში სახელმწიფო პროგრამები ამ საბაზისო უფლებების განხორციელებას ვერ უზრუნველყოფს. ინფორმაციის ნაკლებობის და სხვა მიზეზების გამო საზოგადოებაც ხშირად არღვევს ბავშვების უფლებებს. ამას გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) არაერთი კვლევა მოწმობს:

ბავშვთა მიმართ ძალადობა და მისი პრევენცია: 2016 წლის მოსახლეობის კეთილდღობის კვლევის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 60% აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს მისაღებად მიიჩნევს; სოციალური მომსახურების სააგენტოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური დახმარების გასაწევად მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 ფსიქოლოგი ჰყავს. გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება.

სიღარიბე: 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს.

სკოლამდელი განათლება: 2018 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების 62.5% ყოველწლიურად 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს თითო ბავშვის საგანმანათლებლო რესურსებზე; საბავშვო ბაღების აღმზრდელების 44% არ ფლობს პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

ამ და სხვა პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები განახორციელეს:

20 ნოემბერს, კამპანიის გახსნაზე თელავის, გორისა და ქუთაისის ცენტრალურ მოედნებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოქალაქეებს მანიფესტით გააცნეს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევები. ამის პარალელურად მოედნებზე დამონტაჟბულ დიდ ციფრულ ეკრანებზე გადიოდა ბავშვების შეტყობონებები (გამონათქვამები), რომლებიც მონაწილეებს ბავშვების სურვილებსა და განცდებზე უამბობდა. ბავშვების ამ ემოციურ შეტყობინებებს განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც კამპანიის მონაწილეებს შორის, ისე მოგვიანებით – სოციალურ ქსელში.

პრობლემის უფრო ნათლად წარმოჩენის მიზნით, სამივე ქალაქში გაკეთდა ინსტალაცია „ძალადობის წრე“, სადაც სპეციალურად კამპანიისთვის მომზადებული ვიზუალური გაფორმების ფონზე, ისმოდა ის ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი ფრაზები, რასაც ბავშვები  მშობლებისგან,  მასწავლებლებისგან და ზოგადად, უფროსებისგან ხშირად ისმენენ.

მეორე დღეს გაიმართა თეატრალიზებული მონოლოგები, რომელშიც ბავშვები და უფროსები სკოლაში ბულინგზე, ოჯახში ძალადობასა და სხვა პრობლემებზე რეალურ ისტორიებს ყვებოდნენ. თეატრალიზებული მონოლოგებს მოჰყვა აქტიური დისკუსიები მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების და სხვა დამსწრეების მონაწილეობით.

პარალელურად, სამივე ქალაქში დარიგდა „მითებისა და რეალობის“ ბარათები ბავშვის აღზრდის შესახებ ყველაზე გავრცელებული მითების (მცდარი მიდგომების) და  საპირისპირო – სწორი მიდგომების აღწერით.

კამპანიის მესამე, დასკვნით დღეს გაიმათა ღია დისკუსია სახელწოდებით „რას უყიდით ბავშვს 73 თეთრად“ – წელიწადში საშუალოდ 73 თეთრს ხარჯავენ მუნიციპალიტეტები საჯარო ბაღების ბავშვებისთვის საგანმანათლებლო რესურსის შესაძენად. იქვე გამოფენილი იყო ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ბავშვების თვალით დანახული ბაღი და მათი სურვილები.

კამპანიის ფარგლებში ორგანიზატორებმა შეაგროვეს ხელმოწერები განცხადებაზე, სახელმწიფოსგან საერთაშორისო დეკლარაციებით აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ბავშვების კეთილდღეობისთვის საჭირო პროგრამებისა და სერვისების შექმნა-დახვეწის მოთხოვნით. კამპანიის დასასრულს განცხადებები თელავის, გორისა და ქუთაისის მერიებში წარადგინეს.,,კამპანიის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს  სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმმართველობას მათი როლი ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. თვითმმართველობებისა და ხელისუფლების ჩართულობის გარეშე შეუძლებელია ქვეყანაში გაიზარდოს ბავშვთა კეთილდღეობა.“ – ქეთი კალანდაძე, კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ წარმომადგენელი.

კამპანია „თქვენთვის შეტყობინებაა“ EWMI ACCESS-ის და Save the Children-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორები იყვნენ: „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“, “სამოქალაქო განვითარების სააგენტო”, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, საზოგადოება „ბილიკი“, ასოციაცია „სოციალური ქოლგა“ და PITA-ს ახალგაზრდული ჯგუფები. კამპანიის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოხალისე მოსწავლეებმა და სტუდენტებმაც.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*