ქალთა ისტორიის თვე საქართველოს რეგიონებში

ქალთა ისტორიის თვე საქართველოს რეგიონებში

მარტში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა (NCCE) EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით,  ქალთა ისტორიის თვე საქართველოს 10 რეგიონში აღნიშნა. ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება და მიზნად ისახავს ქალთა ისტორიული მიღწევების  და მსოფლიოს განვითარებაში ქალების როლის წარმოჩენას.

ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა NCCE-იმ ახალგაზრდების გააქტიურებით დაიწყო – რეგიონებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა კონკურსი #შენიხმათანასწორობისთვის, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის მოსწავლეებს უნდა მიეწერათ მოსაზრებები ქვეყანაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გზებზე. კონკურსის გამარჯვებულები (ათი საუკეთესო წერილის ავტორი) პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობას პირადად გაეცნობიან და მონაწილეობას მიიღებენ სხვა  შემეცნებით აქტივობებში.

ქალთა ისტორიის თვეში ასევე ჩატარდა ინტენსიური საინფორმაციო კამპანია XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ქართველი ქალების შესახებ. სპეციალურად კამპანიისთვის დამზადდა პოსტერი  სახელწოდებით: „ქალები გასული საუკუნიდან“. სოციალურ მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა ამ ქალების ისტორიები. www.netgazeti.ge-ზე გამოქვეყნდა ონლაინ ტესტი „როგორ იცნობ ქალებს საქართველოს ისტორიიდან?“, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ფართო საზოგადოების ინფორმირებას მათი მოღვაწეობის შესახებ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიმართა  სემინარები წარსულში წარმატებულ ქართველ ქალებზე და ქალთა მოძრაობებზე. ოზურგეთის რაიონის სოფ. ბახვში და სოფ. ნატანებში  ქრისტინე შარაშიძის (ბახვი) და ელისაბედ ბოლქვაძე-ნაკაშიძის (ნატანები) საინფორმაციო-მემორიალური დაფები გაიხსნა.

ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში არაერთი დისკუსია დაეთმო საქართველოში ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, ქალთა უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისთვის არსებულ სახელმწიფო სერვისებს, და სხვ. კამპანიის კიდევ ერთი მთავარი თემა ადგილობრივი მეწარმე ქალების გაძლიერება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება იყო. თელავში, მარნეულში და ბათუმში მოეწყო შეხვედრები ადგილობრივ მეწარმე ქალებთან, სადაც ისინი საკუთარ გამოცდილებაზე და იმ ბარიერებზე საუბრობდნენ, რაც ხელს უშლის ქალის ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. ზუგდიდში გაიმართა მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რაც მიზნად ისახავდა ადგილობრივი მეწარმე ქალების შესახებ ცნობადობის გაზრდას.
დამატებითი ინფორმაცია ქალთა ისტორიის თვის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის FB გვერდზე.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*