მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

მარტში, EWMI ACCESS-ის მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა. პროექტების განხორციელება აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ესენია:

1. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი –  პროექტის მიზანია კახეთის და მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის გაძლიერება და მათი ინტერესების დაცვა. შერჩეულ რეგიონებში (თუშეთი, პანკისი, ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი და ხევი) გაძლიერდება სათემო ორგანიზაციები, რომლის წევრებიც შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს და რეგიონის პრობლემების მოგვარების პროცესში ჩაერთვებიან. პროექტის აქტივობები ინტენსიურად გაშუქდება რადიო და ონლაინ მედიაში (www.mtisambebi.ge).
2. გამარჯვებულ ქალთა კლუბი – პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში ძუძუს კიბოს პაციენტების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერება, მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, და ფართო საზოგადოების ინფორმირება ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის შესახებ. ამ მიზნით, გამარჯვებულ ქალთა კლუბი რეგიონებში შექმნის მხარდაჭერის ჯგუფებს, კონსულტაციებს გაუწევს პაციენტებს და ყოფილ პაციენტებს, ასევე ჩაერთვება ადვოკატირების კამპანიაში ამ ჯგუფისთვის სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვის მოთხოვნით. პროექტი მოიცავს თელავს, ზუგდიდსა და ყაზბეგს და მასში ჩართული იქნებიან უშუალოდ პაციენტები, სამედიცინო პერსონალი და არასამთავრობო ორგანიზაციები.
3. კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”– პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონების სკოლის მასწავლებლებში და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება და ამ უნარების პრაქტიკაში დანერგვა. პროექტში ჩაერთვებიან 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები და ამავე ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული – ლადო აფხაზავა. პროექტი გულისხმობს ინტენსიურ მედია და საგანმანათლებლო კამპანიას.
4. კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი – პროექტის მიზანია პანკისის ხეობაში ახალგაზრდების რადიკალიზაციისა და გაუცხოების შემცირება მათი გააქტიურებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით. ახალგაზრდები ჩაერთვებიან კლასგარეშე საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძიებებში, განახორციელებენ მცირე სოციალურ პროექტებს, მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლაში და სხვ.
5. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის -პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონების სკოლებში ბულინგისა და ძალადობის შემთხვევების შემცირება ცნობიერების ამაღლების გზით. ამ მიზნით, მასწავლებლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის ჩატარდება საინფორმაციო სესიები ბულინგის, მისი ზეგავლენის და პრევენციის გზების შესახებ. მომზადდება და ფართოდ გავრცელდება სახელმძღვანელოები და საინფორმაციო ბროშურები ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ. მასწავლებლებსა და მშობლებს გაეწევათ ინდივიდუალური კონსულტაციები.
6. სამოქალაქო ინიციატივა/ცოდნის კაფე – პროექტის მიზანია მოქალაქეების მობილიზაცია და ჩართვა წნორში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) დამოუკიდებელი სოციალური სივრცის – ცოდნის კაფეს შესაქმნელად. ამ მიზნით, მოეწყობა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და სამოქალაქო კამპანია, რომელშიც ჩაერთვებიან სოციალური აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და საზოგადო მოღვაწეები.

შერჩეული პროექტების დასახვეწად, EWMI ACCESS-ის ორგანიზებით ე.წ. სოციალური ლაბორატორიის ფორმატის შეხვედრები ჩატარდა, რომლებშიც მონაწილეობა სფეროს ექსპერტებმა, პროექტში ჩართულმა მოქალაქეებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს. მათ შერჩეული პრობლემები სიღრმისეულად გააანალიზეს და პროექტის ავტორებს პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზების განსაზღვრაში დაეხმარნენ.

Related Articles

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*