უკანაფშავში და პირაქეთა ხევსურეთში ინტერნეტი პირველად ჩაირთო

უკანაფშავში და პირაქეთა ხევსურეთში ინტერნეტი პირველად ჩაირთო

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით მსოფლიოში ერთ–ერთ მოწინავე ადგილზეა.  მოსახლეობის 71%–ს წვდომა აქვს ინტერნეტზე. მიუხედავად ამისა, სულ ახლახან, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – უკანაფშავში და პირაქეთა ხევსურეთში, არც სატელეფონო კავშირი და არც ინტერნეტი არ იყო.  არასამთავრობო ორგანიზაცია – „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ 2017–2018 წლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის არარსებობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც მთაში დარჩენილი მოსახლეობა (განსაკუთრებით კი ახალგაზრდები) ტოვებდა ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყარს და ბარში გადადიოდა საცხოვრებლად.

ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ინტერნეტიზაციისთვის დაახლოებით 400 000 ლარი იყო საჭირო. ტექნიკური პროექტი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ მოამზადა. ასოციაციის   აღმასრულებელი დირექტორი, პროექტისთვის საჭირო თანხების გამოყოფის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან. იმავე დროს, “სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” მხარდაჭერით, ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სათემო ორგანიზაცია დააფუძნეს და ამ ინიციატივის მხარდასაჭერად აქტიური ადვოკატირების კამპანია დაიწყეს.  მედიაპორტალი „მთის ამბები“ კამპანიას ინტენსიურ მედიამხარდაჭერას უწევდა.

გაერთიანებული ძალისხმევის შედეგად, უკანა ფშავში და პირაქეთა ხევსურეთში 2019 წლის 6 ივლისიდან  ინტერნეტი ჩაირთო.

EWMI ACCESS–ი ბოლო რამდენიმე წელია მხარს უჭერს  „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“  პროექტებს მაღალმთიან რეგიონებში. ერთ–ერთი პროექტის ფარგლებში, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ კახეთისა და მცხეთა–მთიანეთის მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის პრობლემები შეისწავლა და მოქალაქეების ჩართულობით ადვოკატირების კამპანიები წარმართა. მოხარული ვართ, რომ  ჩვენი მხარდაჭერით „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ აქტივისტებისა და პროფესიონალების გუნდმა თავისი  წვლილი შეიტანა ასეთ მნიშვნელოვან მიღწევაში.  

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://mtisambebi.ge/news/people/item/1010?fbclid=IwAR1GmpBzbrCu8msh_QtJEEATnNbBKwHSf81k2iM0HvrY44HmH2H1OigCK6c

 

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*