საქართველოს საჯარო დაწესებულებების მიერ ვებგვერდებზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა

საქართველოს საჯარო დაწესებულებების მიერ ვებგვერდებზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა

14 ივნისსს, EWMI ACCESS-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2019 წელს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკის ანალიზი წარადგინა. კვლევის ფარგლებში IDFI-იმ შეისწავლა საქართველოში 100 საჯარო დაწესებულების ვებგვერდები (მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტი, 11  სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრის აპარატი  და სამინისტროს დაქვემდებარებული 86 სსიპ-ი და საქვეუწყებო დაწესებულება) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით.

  • 2019 წლის მაისის მდგომარეობით, შესწავლილი საჯარო დაწესებულებებიდან, არც ერთ უწყებას სრულყოფილად (100%) არ ჰქონდა ვებგვერდზე პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია. 15 უწყებას საერთოდ არ გააჩნდა საკუთარი ვებგვერდი, ან ვებგვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება.
  • 2019 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 53%-ია, რაც  19%-ით ჩამორჩება 2014 წლის მაჩვენებელს. საჯარო დაწესებულებები ყველაზე იშვიათად აქვეყნებენ თანხების განკარგვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კერძოდ: მიღებული (22,2%)  და გაცემული (23%) გრანტები, საბიუჯეტო ფონდებიდან მიღებული დაფინანსება –  24,4%, ქონების გასხვისება – 27,4%, რეკლამის ხარჯი – 34,1% და სხვა.
  • საჯარო დაწესებულებები პროაქტიულად ყველაზე მეტად აქვეყნებენ სამართლებრივი აქტების და ზოგადი ინფორმაციის თემატურ ჯგუფებში გაერთანებულ ინფორმაციას. მათ შორისაა: საკონტაქტო ინფორმაცია (91,3%), დებულება/წესდება (89,3%),  ნორმატიული აქტები (85,7%), უწყების სტრუქტურა (82,1%).

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება (98%) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ მიიღო. მეორე ადგილზეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (96%).

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მიიღო (39%). ადმინისტრაციას 2014 წლის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია საერთოდ არ გამოუქვეყნებია. მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (42%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (47%).

სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაახლოებით 40%-ს, პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 30%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე.

მონიტორინგი EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ჩატარდა. სრული ანგარიში იხილეთ აქ.

ძირითადი შედეგები მოკლედ იხილეთ ქვემოთ:

 

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*