ღია კონკურსი – ორგანიზაციული განვითარების პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

ღია კონკურსი – ორგანიზაციული განვითარების პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებენ ღია კონკურსს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორგანიზაციული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

ორგანიზაციული განვითარების პროგრამა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

  • პირველ ეტაპზე, სპეციალური კითხვარისა და ქულათა სისტემის გამოყენებით, ორგანიზაცია შეაფასებს საკუთარ შესაძლებლობებსა და სუსტ მხარეებს შემდეგი მიმართულებებით: მმართველობითი სტრუქტურა, ფინანსური პროცედურები, მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მდგრადობა, სტრატეგიული დაგეგმვა და პროექტის მართვა. ამ შეფასებაზე დაყრდნობით CTC მოამზადებს ორგანიზაციული განვითარების სამოქმედო გეგმას.
  • მეორე ეტაპზე CTC, შესაბამის ორგანიზაციასთან ერთად, განვითარების სამოქმედო გეგმიდან აირჩევს პრიორიტეტულ საკითხ(ებ)ს და განსაზღვრავს მათზე ერთობლივად მუშაობის მეთოდოლოგიასა (მაგ. ინდივიდუალური კონსულტაციები, ვორქშოფი თანამშრომლებისთვის, სამუშაო შეხვედრა და ა.შ.) და განრიგს. ამ მეთოდოლოგიის/განრიგის შესაბამისად, CTC დაიწყებს ორგანიზაციასთან ინდივიდუალურად მუშაობას და რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიმუშავებს გამოვლენილი პრობლემ(ებ)ის გადაჭრის პრაქტიკულ გზებს.
  • ბოლო ეტაპზე, პირველი შეფასებიდან და საკონსულტაციო სამუშაოს დასრულებიდან რამდენიმე თვის თავზე, CTC ხელახლა შეაფასებს ორგანიზაციას და განსაზღვრავს მისი პროგრესის მაჩვენებელს.

ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციული განვითარების პროგრამა მაქსიმალურად იყოს მორგებული მასში ჩართული ორგანიზაციების საჭიროებებზე და დაეხმაროს მათ მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოფხვრაში.

ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • რეგისტრირებულია საქართველოში და არის არასამეწარმეო იურიდიული პირი
  • მუშაობს დამოუკიდებლად (არ არის კავშირში/აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან)
  • აქვს არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
  • მუშაობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხ(ებ)ზე
  • მოტივირებულია გამოავლინოს და გამოასწოროს ორგანიზაციის შიგნით არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზ(ებ)ი

* კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ ჩართულები ACCESS-CTC-ის ორგანიზაციული განვითარების პროგრამაში და სურთ დამატებითი დახმარება.

კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2020 წლის 7 თებერვლის 17:00 სთ-მდე, ACCESS-ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერთან, ანა წურწუმიასთან (atsurtsumia@ewmi.org) უნდა გაგზავნონ:

  • ერთგვერდიანი ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ორგანიზაციული განვითარების საჭიროებები (რაში სურთ დახმარება)
  • მიმდინარე პროექტებისა და ინიციატივების სია (პროექტების სახელწოდებების, ხანგრძლივობის, ბიუჯეტის და დონორების მითითებით)

საბუთები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

სათაურში მიუთითეთ „ორგანიზაციული განვითარების პროგრამა“.

დამაზუსტებელი კითხვებით მიმართეთ ანა წურწუმიას ან ACCESS-ის ფეისბუქის გვერდს.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდება 2020 წლის თებერვლის პირველ ნახევარში.

 

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*