ქართული ბიზნესკომპანიები საუკეთესო სოციალური პროექტებისთვის დაჯილდოვდნენ

ქართული ბიზნესკომპანიები საუკეთესო სოციალური პროექტებისთვის დაჯილდოვდნენ

23 თებერვალს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR კლუბი) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის  (UN Global Compact Network- Georgia) ინციატივით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ბიზნესკომპანიები დაჯილდოვდნენ საუკეთესო პროექტებისთვის შემდეგ კატეგორიებში: ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, და სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი თანამშრომლობა. დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა სასტუმროში „რუმს თბილისი“.

კონკურსი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოზე გამოცხადდა 2017 წლის ოქტომბერში. კონკურსის მიზანი იყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება და ბიზნესკომპანიების, როგორც სანდო პარტნიორების აღიარება ზემოთ აღნიშნულ სფეროებში. კონკურსის ფარგლებში 16–მა კომპანიამ 23 პროექტი წარადგინა, საიდანაც დამოუკიდებელმა ჟიურიმ სამი საუკეთესო პროექტი გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი ექსპერტები.

ნომინაციაში – ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი, დაჯილდოვდა  APM TERMINALS POTI – ფოთის პორტი. კომპანიამ შრომის სტანდარტების დაცვის და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისთვის სატვირთო ავტომანქანების 2, 279 მძღოლს უსაფრთხო მგზავრობის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარა.

ლუდსახარში „ნატახტარი“ გარემოს დაცვის ნომინაციაში დაჯილდოვდა. კომპანიამ  ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა დაამონტაჟა, რომელიც წარმოების შედეგად  დარჩენილ ჩამდინარე წყალს ფილტრავს და ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს. ამას გარდა, 2016-17 წლებში კომპანიამ  ლუდსახარშის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგო და ასევე  გარემოსდაცვით საკითხებზე თანამშრომლებისთვის საინფორმაციო სესიები ჩაატარა.

სამოქალაქო სექტორთან საუკეთესო თანამშრომლობისათვის დაჯილდოვდა სამშენებლო კომპანია m2. პროექტის მიზანი მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენა-გატყევებაა (3000 ხის დარგვა და სამი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა). არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით,  კომპანია იწყებს ხანძრის პრევენციის საინფორმაციო კამპანიას სკოლებში. გარდა ამისა, m2-მა უკვე დაიწყო ბუნებრივი კატასტორფების რისკის შემცირების კამპანია მის საცხოვრებელ კომპლექსებში.

მსგავსი ტიპის დაჯილდოება საქართველოში პირველად ჩატარდა. ამიერიდან CSR ჯილდო ყოველწლიურად გაიცემა. EWMI ACCESS-ი მხარს უჭერს CSR კლუბს მისი დაარსების დღიდან. კლუბის მიზანია საქართველოში სოციალურად პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის დანერგვა და ბიზნესსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

Related Articles

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*