ორგანიზაციული განვითარების პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

ორგანიზაციული განვითარების პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებენ ღია კონკურსს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორგანიზაციული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

ორგანიზაციული განვითარების პროგრამა მოიცავს სამ ეტაპს:

  • პირველ ეტაპზე CTC-ი, სპეციალური კითხვარისა და ქულათა სისტემის გამოყენებით, შეაფასებს შერჩეულ ორგანიზაციას და განსაზღვრავს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს შემდეგ სფეროებში: მმართველობითი სტრუქტურა, ფინანსური პროცედურები, მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მდგრადობა, სტრატეგიული დაგეგმვა და პროექტის მართვა. შეფასების შედეგების გათვალისწინებით, ორგანიზაციას მიენიჭება შესაბამისი ქულები და მომზადდება მისი განვითარების სამოქმედო გეგმა.
  • მეორე ეტაპზე CTC-ი, ორგანიზაციასთან ერთად, განვითარების სამოქმედო გეგმიდან აირჩევს პრიორიტეტულ საკითხ(ებ)ს და განსაზღვრავს მათზე მუშაობის მეთოდოლოგიასა (მაგ. ინდივიდუალური კონსულტაციები, ვორქშოფი თანამშრომლებისთვის, სამუშაო შეხვედრა და ა.შ.) და განრიგს. ამ მეთოდოლოგიის/განრიგის შესაბამისად, CTC-ი დაიწყებს ორგანიზაციასთან ინდივიდუალურად მუშაობას და რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიმუშავებს გამოვლენილი პრობლემ(ებ)ის გადაჭრის პრაქტიკულ გზებს.
  • ბოლო ეტაპზე, პირველი შეფასებიდან და საკონსულტაციო სამუშაოს დასრულებიდან რამდენიმე თვის თავზე, CTC-ი ხელახლა შეაფასებს ორგანიზაციას და განსაზღვრავს მისი პროგრესის მაჩვენებელს.

ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციული განვითარების პროგრამა მაქსიმალურად იყოს მორგებული მასში ჩართული ორგანიზაციების საჭიროებებზე და დაეხმაროს მათ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში.

ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • რეგისტრირებულია საქართველოში
  • არის არასამეწარმეო იურიდიული პირი
  • მუშაობს დამოუკიდებლად (არ არის კავშირში/აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან)
  • აქვს არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
  • მუშაობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხ(ებ)ზე
  • მოტივირებულია გამოავლინოს და გამოასწოროს ორგანიზაციის შიგნით არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები

* კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ ჩართულები ACCESS-CTC-ის ორგანიზაციული განვითარების პროგრამაში და სურთ დამატებითი დახმარება.

კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2018 წლის 24 ნოემბრის 17:00 სთ-მდე, ACCESS-ის პროექტის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერთან ანა წურწუმიასთან (atsurtsumia@ewmi.org) უნდა გამოგზავნონ:

  • ერთგვერდიანი ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება მათი ორგანიზაციული განვითარების საჭიროებები (რაში სურთ დახმარება)
  • მიმდინარე პროექტებისა და ინიციატივების სია (პროექტების სახელწოდებების, ხანგრძლივობის, ბიუჯეტის და დონორების მითითებით)

საბუთები მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

სათაურში მიუთითეთ „ორგანიზაციული განვითარების პროგრამა“.

დამაზუსტებელი კითხვებით მიმართეთ ანა წურწუმიას ან ACCESS-ის ფეისბუქის გვერდს.

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდება 2018 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში.

 

 

Related Articles

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*