კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კვირეული

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კვირეული

1– 5 ოქტომბერს, EWMI-ACCESS-ის მხარდაჭერით და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის ორგანიზებით თბილისში CSR კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები მნიშვნელოვან სოციალური საკითხებს მიეძღვნა, კერძოდ: სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენცია; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების გაძლიერება; მწარმოებლების გაფართოებული პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვაში; ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის და სხვ.

დისკუსიებს უძღვებოდნენ ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კვირეულის პირველი შეხვედრა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციას მიეძღვნა. შეხვედრის ფარგლებში, სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების საკითხზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე მონაწილეებს პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ესაუბრა. შეხვედრის მეორე ნაწილში, „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ საქმიანობაზე, რომელსაც ორგანიზაცია CSR კლუბის ფარგლებში ახორციელებს და ეხმარება ბიზნესებს სექსუალური შევიწროების შიდა რეგულაციების დანერგვაში.

შშმ პირების ბიზნესსექტორში გაძლიერება კვირეულის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო. შეხვედრაზე „სიდამ“ ბიზნესში შშმ პირების გაძლიერების პრინციპები წარადგინა და დაინტერესებულ კომპანიებს  ინკლუზიური სამუშაო გარემოს დანერგვაში დახმარება შესთავაზა. შეხვედრის მონაწილე კომპანიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათ მიერ შშმ პირების დასაქმებისაკენ მიმართული საქმიანობების შესახებ ისაუბრეს.

ნარჩენების მართვის სფეროში მწარმოებლების გაფართოებული პასუხისმგებლობის შესახებ შეხვედრა ახალი ტექნოლოგიების ცენტრში გაიმართა, რომელიც თბილისში მდებარე ენერგოეფექტური შენობაა. შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ნარჩენების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ისაუბრა ბიზნესის გაფართოებული პასუხისმგებლობის პრაქტიკაზე ნარჩენების მართვაში და ნარჩენების მართვის კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე ქვეყანაში.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*