არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

ზემო სვანეთის ქვედა ზონის სოფლების შემდეგ, ღია ტიპის შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაიმართა. 8-11 სექტემბერს EWMI ACCESS-ი, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლებთან ერთად ამ რეგიონების სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება მათთვის  მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. შეხვდერები გაიმართა ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და ონის სოფლებში (ხვანჭკარა, ტვიში, წანაში, უწერა და ურავი).

პრობლემები, რომელთა მოგვარებაშიც მოსახლეობამ მხარდაჭერა ითხოვა, უკავშირდება გარემოს დაცვას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ხე-ტყით სარგებლობას, ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმილი მშენებლობის უარყოფით ზეგავლენას, მიგრაციას და რეგიონის ტურისტული პოტენციალის აუთვისებლობას.

არასამთავრობოებმა მოქალაქეებს კონსულტაციები გაუწიეს და პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ. მათ უკვე დაიწყეს დაინტერესებული მოქალაქეებისთვის უფასო იურიდული დახმარების გაწევა, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სასამართლოს წინაშე მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.

ანალოგიური შეხვედრები აგვისტოში ზემო სვანეთის ქვედა ზონის სოფლებში (ხაიში, იდლიანი, ჭუბერი და ნაკრა) გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად, მოსახლეობა დაინტერესებული იყო მათ სოფლებში ტურისტული პოტენციალის და ბიზნესის განვითარებით. ამის გათვალისწინებით,  “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლები სექტემბერში კვლავ ეწვივნენ მათ და ჩაუტარეს ტრენინგი ბიზნესგეგმის შედგენაში და ფონდების მიძიებაში.

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციები მომავალშიც განაგრძობენ ამ რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას.

Related Articles

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*