არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესკომპანიების თანამშრომლობა სოციალური პროექტებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესკომპანიების თანამშრომლობა სოციალური პროექტებისთვის

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA უკვე მეოთხე წელია ფასილიტაციას უწევს რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს და ქსელის წევრებს ეხმარება ორგანიზაციულ გაძლიერებაში. რეგიონულ ქსელში (R-CSN) ამჟამად 69 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით CiDA ასევე აქტიურად მუშაობს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციისათვის. ამ მიზნით CiDA-მ რამდენიმე წლის წინ დააფუძნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი, როგორც CSR აქტივობების საკოორდინაციო პლატფორმა, რომელშიც 80-ზე მეტი ბიზნესკომპანია და არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.

CiDA-ს აქტიური მუშაობის შედეგად, ლიბერთი ბანკმა მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციების რეგიონული ქსელის საინფორმაციო კამპანიას შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. კამპანიის ფარგლებში, 21-მა არასამთავრობო ორგანზიაციამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, 10 რეგიონში ჩაატარა 45 საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრებზე დამსწრეებს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა სარგებელი მოაქვს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას, რა წესები უნდა დავიცვათ უვიზო რეჟიმით სარგებლობისას და რა მოჰყვება ამ წესების დარღვევას (როგორც დამრღვევი მოქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის ზოგადად). საინფორმაციო შეხვედრებს 1000-ზე მეტი მოქალაქე დაესწრო. გარდა ამისა, CiDA-მ მოამზადა საინფორმაციო ბროშურები და ლიბერთი ბანკის სერვის-ცენტრების თანამშრომლებს დაურიგა, რათა მათ შეეძლოთ კლიენტებისთვის მოკლე ინფორმაციის მიწოდება შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის წესების შესახებ.

CiDA-ს ხელშეწყობით კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა დაიგეგმა არასამთავრობო ორგანიზაცია – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტსა და აჭარა ჯგუფს შორის. ერთობლივი პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, მიზნად ისახავს მცხეთა-მთიანეთში და სტეფანწმინდაში ახალგაზრდების ინფორმირებას ოჯახური ძალადობის შესახებ. ამ მიზნით, ადგილობრივი ახალგაზრდები დაესწრებიან საინფორმაციო შეხვედრებს, ფილმების ჩვენებებს და დისკუსიებს, მონაწილეობას მიიღებენ ესეების და ნახატების კონკურსებში და სხვ.

არასამთავრობო ორგანიზაციების რეგიონული ქსელის წევრმა ზუგდიდიდან, ასოციაციამ „ათინათი“, ფოთის პორტის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდების გაცვლითი საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა. CiDA-მ და TBC ბანკმა კი რეგიონებში მცხოვრებ 21 მეწარმე ქალს ჩაუტარეს ტრენინგი ბიზნესის დაგეგმვაში.  CiDA და TBC ბანკი ტრენინგის მონაწილე ქალებს გაუწევენ კონსულტაციებს და გასცემენ 10-მდე მცირე გრანტს.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*