ბაგა-ბაღების გამოწვევები COVID-19-ის პანდემიის ფონზე

ბაგა-ბაღების გამოწვევები COVID-19-ის პანდემიის ფონზე

18-19 ივნისს, EWMI ACCESS-ის და Civitas Georgica–ს ინიციატივით, თელავში გაიმართა საჯარო პოლიტიკის ფორუმი პანდემიის პირობებში სკოლამდელი და ადრეული განათლების დაწესებულებების გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. ფორუმს ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ტელევიზიების ჟურნალისტები, თელავის მუნიციპალიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შრომის ინსპექციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისკუსიის მთავარი თემა Civitas Georgica-ს კვლევა იყო, რომელიც EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევა სამ ძირითად თემას მოიცავს: 1) სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მართვის საკითხები პანდემიის დროს – რეგულაციები, დაწესებულებების დახურვა და გახსნა. 2) დისტანციური სწავლება – პრაქტიკა და ფორმები. 3) ოჯახების მხარდაჭერა პანდემიის დროს.

Civitas Georgica-მ 33 მუნიციპალიტეტიდან 2413 მშობელი და 475 საბავშვო ბაღის წარმომადგენელი გამოიკითხა, ასევე ჩაატარა ჩაღრმავებული ინტერვიუები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. კვლევაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღების წარმომადგენლები და მშობლები. დამატებით, კვლევის ავტორებმა გააანალიზეს 10 მუნიციპალიტეტის 2020 წლის დაგეგმილი ხარჯები რეალურ ხარჯებთან მიმართებით.

საკვლევ პერიოდში (მარტი, 2020 – მარტი, 2021) საბავშვო ბაღები მხოლოდ 6 კვირა ფუნქციონირებდნენ. საბავშვო ბაღებისთვის პანდემიის პერიოდში ფუნქციონირებასთან დაკავშირებული რეგულაციები მხოლოდ 2021 წლის 1 სექტემბერს გამოიცა. რეგულაციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავების პროცესში არ იყვნენ ჩართულები საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრობლემური იყო კომუნიკაცია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს და სხვადასხვა სამინისტროს შორისაც.

გამოკითხული ბაღების უმეტესობა აღნიშნავს, რომ რეგულაციების სრულად დაცვა შეუძლებელია (მაგ: ბავშვებს შორის დისტანციის დაცვა, ნივთების თხოვების აკრძალვა, სასწავლო რესურსების ამოღება), ამიტომ 40%-ზე მეტ შემთხვევაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ძველებურად წარიმართება.

პრობლემურია ის გარემოებაც, რომ გეოგრაფიული მდებარეობის, საბავშვო ბაღის ზომის, დასახლების ტიპის, ეპიდსიტუაციის, თუ სხვა განსხვავების მიუხედავად, ბაღების მიმართ პირველივე დღიდან ერთგვაროვანი მიდგომა იყო – ყველა ბაღი ერთად დაიხურა და გაიხსნა და ყველა ბაღი ერთ წესს ექვემდებარება.

გამოკითხული ბაღების 72% დისტანციურ სწავლებას ახორციელებდა, თუმცა, ეს ინიციატივები უსისტემოდ ხორციელდებოდა. ბაღების 92%-ს დისტანციური სწავლების წარმართვის თვალსაზრისით არანაირი მეთოდური მითითებები არ მიუღია. არც ბაღებისათვის და არც მშობლებისათვის არ იყო განმარტებული სკოლამდელ ასაკში დისტანციური სწავლების არსი და თავისებურებები, არათანმიმდევრულად და სპონტანურად ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება სწავლების დაგეგმვა–განხორციელებასთან დაკავშირებით. დისტანციური სწავლება ტარდებოდა იქაც, სადაც ოჯახების დიდ ნაწილს არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე ან/და შესაბამის აღჭურვილობაზე.

რაც შეეხება კვლევის მესამე თემას –– ოჯახების მხარდაჭერას –– პანდემიის პერიოდში საბავშვო ბაღები ოჯახებს მხოლოდ საკვებით ეხმარებოდნენ. გამოკითხული ბაღების 83%-მა აღნიშნა, რომ, საკვების გარდა არანაირი საგანმანათლებლო/განმავითარებელ რესურსი არ დაურიგებიათ.

პანდემიის დროს განსაკუთრებული დახმარება არც ბაღებს გაწევიათ. უმეტეს შემთხვევებში მათ მხოლოდ სადეზინფექციო საშუალებები გადაეცათ, მცირე ნაწილმა კი კონსულტაციები მიიღეს.

კვლევის საბოლოო ანგარიში უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. კვლევის დასრულების პარალელურად Civitas Georgica, ექსპერტებთან ერთად, კრიზისულ სიტუაციებში ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ეფექტიანი მართვის ძირითად პრინციპებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*