თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის და თბილისის განვითარების ფონდის გამჭვირვალობის შეფასება

თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის და თბილისის განვითარების ფონდის გამჭვირვალობის შეფასება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ტფილისის ჰამქარმა, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრაქტიკა და ამ საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო უწყების საქმიანობა შეისწავლეს. საიამ თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობა შეაფასა, ტფილისის ჰამქარმა კი გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნებზე ფონდის მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოს მონიტორინგი განახორციელა.

14 მარტს ორივე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ავტორებმა კვლევის ძირითადი შედეგები მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილეს.

დაფუძნების დღიდან (2010 წ.), თბილისის განვითარების ფონდმა დამფუძნებლისგან (თბილისის მერია) ჯამში 370 278 546 ლარი მიიღო და განკარგა. საიას კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ თბილისის განვითარების ფონდში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია. კერძოდ:

➡ თბილისის განვითარების ფონდმა მთლიანი შესყიდვების 75% გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელა. შესყიდვების ეს ფორმა კორუფციის მაღალ რისკს შეიცავს.
➡ ფონდის მიერ დამფუძნებლისთვის წარდგენილი ანგარიშები არის ზოგადი ხასიათის და არ მოიცავს დეტალურ ინფორმაციას შესრულებულ სამუშაოზე.
➡ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, ფონდი აფინანსებს  ისეთ პროექტებსაც, რომლებიც არ ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.
➡ მიუხედავად იმისა, რომ ფონდი საკმაოდ დიდი მოცულობის საბიუჯეტო თანხებს განკარგავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფონდის აუდიტი დაფუძნებიდან (2010 წ.) ამ დრომდე არ ჩაუტარებია.

ტფილისის ჰამქარის კვლევის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შეფასების გარდა, კვლევაში გაანალიზებულია სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსტიტუციური, მეთოდოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები. ძირითადი მიგნებები:
➡ გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არქეოლოგიური ფენების და არტეფაქტების შეფასება და ზედამხედველობა არასრულფასოვნად ხდება.
➡ მერიის სტრუქტურაში არ არსებობს ძეგლთა დაცვითი უწყებები (სპეციალური სამსახური, დეპარტამენტი და ა.შ.), რომელიც განსაზღვრავდა ძეგლთა დაცვის პრიორიტეტებსა და სტრატეგიას.
➡ მერიის არქიტექტურის სამსახურში არ არიან არქიტექტორ-რესტავრატორი და ინჟინერ-კონსტრუქტორი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-რესტავრაციის პროექტებს ძეგლთა დაცვის  პრინციპების ჭრილში შეაფასებდნენ და შესაბამის დასკვნას გასცემდნენ ნებართვაზე.
➡ თბილისის განვითარების ფონდის მიერ არ ხდება არც არქეოლოგიური და არც სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოს შესახებ ანგარიშების შედგენა და მერიისათვის წარდგენა, რაც მათ კანონით მოეთხოვებათ.
➡ თბილისის ისტორიული ნაწილისთვის არ არსებობს დეტალური ურბანული რეგლამენტი, არც რესტავრაცია-რეაბილიტაციის და არც ახალი მშენებლობების დეტალური სახელმძღვანელო.
➡ გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების ხარისხი ნაკლებად პრობლემატურია, ვიდრე ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სამუშაოები, ვინაიდან თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლების მიერ არ ხდება ტერიტორიაზე ექსპერტების დაშვება.

არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ორივე კვლევა მოიცავს დეტალურ რეკომენდაციებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. საია და ტფილისის ჰამქარი, EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით, განაგრძობენ მუშაობას შესაბამის უწყებებთან რეკომენდაციების განსახილველად. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინტენსიური საინფორმაციო და მოქალაქეთა მობილიზაციის კამპანია, რომლის მიზანია მოსახლეობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

კვლევის ანგარიშხები იხილეთ აქ.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*