აუტიზმის მქონე პირების წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე COVID-19-ის პანდემიის დროს

აუტიზმის მქონე პირების წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე COVID-19-ის პანდემიის დროს

EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით,  „განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია“, სამედიცინო ცენტრ “პინესოთან” ერთად, COVID-19-ის პანდემიის დროს აუტიზმის  მქონე ადამიანებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას სწავლობს და  სამედიცინო მომსახურების ინკლუზიური პილოტური მოდელის შექმნაზე მუშაობს.

„განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგიამ“ მარტი-მაისის პერიოდში  თბილისში, აჭარაში, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში აუტიზმის მქონე პირების ოჯახის წევრები, ფსიქოლოგები და მედპერსონალი გამოკითხა, რათა გამოევლინა ის სირთულეები, რასაც აუტიზმის  მქონე პირები და სამედიცონო პერსონალი აწყდება პანდემიის დროს სამედიცინო მომსახურების მიღება–გაწევისას. წერილობითი გამოკითხვისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების საშუალებით სულ 33 მშობელი, 18 ექიმი და 21 ფსიქოლოგი გამოიკითხა.

კვლევამ აჩვენა, რომ საიზოლაციო სივრცეები და კოვიდ-სასტუმროები არ არის ადაპტირებული აუტიზმის მქონე პაციენტების მისაღებად, მათ შორის, სათანადოდ არ არის გარანტირებული მათი უსაფრთხოება. ჩაკეტილი სივრცე და სოციალური კონტაქტების მკვეთრი შემცირება ამძიმებს აუტიზმის მქონე პირების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ პრობლემები არსებობს ჯანდაცვის პირველადი რგოლის გამართული მუშაობის და ოჯახის ექიმების სათანადო მზაობის კუთხითაც. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ თბილისში უფრო მეტად გამოიკვეთა ჯანდაცვის პირველადი რგოლის მოუმზადებლობა, ვიდრე რეგიონებში.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა მშობლების შიში და უნდობლობა სტაციონარული მკურნალობის მიმართ, რაც გამოწვეულია მედპერსონალის არაინფორმირებულობით აუტიზმთან დაკავშირებით, ასევე, შესაძლო პრობლემებით კლინიკის გარემოს არაადაპტირებულობის გამო.

კვლევის სრული ანგარიში იხილეთ ამ ბმულზე.

პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა ორი ვიდეორგოლი სადაც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები სამედიცინო მომსახურების დროს შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით, პროექტის ავტორები, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აუტიზმის მქონე პირებისათვის გამართული, ინკლუზიური სამედიცინო მომსახურების პილოტური მოდელის შექმნასა და დანერგვაზე იმუშავებენ.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*