არასამთავრობო ორგანიზაცია – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი რეგიონებში 1500 ფერმერს და მცირე მეწარმეს DCFTA-ის რეგულაციებისთვის მოამზადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი რეგიონებში 1500 ფერმერს და მცირე მეწარმეს DCFTA-ის რეგულაციებისთვის მოამზადებს

2016 წლის მარტში EWMI ACCESS-მა ხელი მოაწერა საგრანტო ხელშეკრულებას არასამთავრობო ორგანიზაცია – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC). პროექტის ფარგლებში EPRC საქართველოში მოქმედ ფერმერებს და სოფლის მეურნეობის  გადამამუშავებელ მცირე საწარმოებს დაეხმარება შესაბამისობაში მოვიდნენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) მოთხოვნებთან. აღნიშნული რეგულაციებისთვის  მზადყოფნა დიდწილად განაპირობებს, თუ რამდენად შეძლებენ ფერმერები და მცირე საწარმოები ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის ათვისებას და ახალი წესებით ქართულ ბაზარზე ოპერირებას.

პროექტის ფარგლებში EPRC შეისწავლის ევროკავშირის სხვადასხვა რეგულაციის და დირექტივის ქართულ კანონმდებლობაში ასახვის პროცესს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების და სერტიფიცირების სფეროებში და შექმნის დეტალურ სახელმძღვანელოს მეწარმეებისთვის. EPRC ასევე ჩაატარებს საქართველოს მასშტაბით 500 ფერმერის და მცირე მეწარმის გამოკითხვას მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, რის საფუძველზეც ხელისუფლებას წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი რეკომენდაციებით. ამას გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონში (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და გურია) EPRC ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარტნიორებს  ჩაუტარებს ტრენინგებს ახალი სტანდარტებისა და რეგულაციების თაობაზე. დატრენინგებული ორგანიზაციები შემდგომში თავიანთ რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრებს შექმნიან და ადგილობრივ ფერმერებს და მცირე მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევენ.

DCFTA-ს მოთხოვნებთან დაკავშირებით EPRC-ი ასევე გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში 2500-მდე მოსახლესთან. ასევე იგეგმება საინფორმაციო-შემეცნებითი სატელევიზიო გადაცემების მომზადება და ტრანსლირება რეგიონული ტელევიზიების საშუალებით; სოციალურ მედიაში შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, რომელზეც განთავსდება პრაქტიკული ინფორმაცია ყველა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების თაობაზე, ინფორმაციული ხასიათის ვიდეორგოლები, წარმატების მაგალითები და სხვა. სოციალური მედიის პლატფორმის საშუალებით დაინტერესებული პირები შეძლებენ კითხვებზე პასუხების მიღებას.

მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 48% დასაქმებულია სოფლად, ხოლო DCFTA იძლევა ევროკავშირის 500 მილიონიან, ძვირადღირებულ ბაზარზე ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების გარეშე შესვლის უფლებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი მწარმოებლების ინფორმირება  არსებული მოთხოვნებისა და შესაძლებლობების თაობაზე, ხოლო ხელისუფლებისთვის რეკომენდაციების მიწოდება მათი საჭიროებების შესახებ.  პროექტს აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპული ინტეგრაციის მიმართ სოფლის მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*